LEGI - ფილის დაგება
გაზიარება
0 (322) 05 18 88
sale@legi.ge
ფილის დაგება

ფილის დაგება საკუთარი ხელით.

სამუშაო ზონის მომზადება :

სამუშაო ზონის მომზადება მნიშვნელოვანი ეტაპია, რადგან ის ქმნის  ხარისხიან საფუძველს , რათა შევძლოთ დანარჩენი სამუშაოს წარმატებით შესრულება.

თავდაპირველად გრუნტის მოსამზადებელ სამუშაოებს ვატარებთ:

  1. მოვაცილოთ ზედაფენა და ნიადაგში გავაკეთოთ 20სმ სიღრმის ორმო.  თუმცა აღვნიშნავთ, რომ ეს მაჩვენებელი  პირობითია,  რადგან ორმოს სიღრმე  დამოკიდებულია მთელ რიგ პირობებზე, როგორიცაა: გრუნტის მდგომარეობა, გაყინვის სიღრმე და დასაგრუნტი წყლების დონე  ადგილობრივ რელიეფზე. მყარი გრუნტისთვის საკმარისია 20 სმ, ნაკლებად მყარისთვის კი სიღრმე უნდა გაიზარდოს. საშუალო მაჩვენებელი ბილიკებისთვის არის – 20 სმ, ხოლო საავტომობილო სადგომისთვის ან სავალი ნაწილისთვის სიღრმე გასაზრდელია დამატებით 7-10სმ-ით.
  2. ორმოს ფსკერიდან მცენარის, ბალახის ფესვის და ქვის მოცილება აუცილებელია. ასევე მიწის დასველება სარწყავით და ვიბროსატკეპნით მისი დამუშავება, რაც დაგვეხმარება მომავალში თავიდან ავიცილოთ გრუნტის ჩავარდნა.
  3. ორმოს ფსკერზე დავფინოთ გეოტექსტილი ან აგრონაჭერი. ისინი წყალს არ შეაყოვნებენ, მაგრამ ნიადაგში დარჩენილ მცენარეებს არ მისცემენ ზედაპირზე ამოსვლის საშუალებას. ასევე გეოტექსტილი შეუშლის ხელს მატერიკული ნიადაგისა და ქვიშის შერწყმას.

 

საბორტე ქვების დაყენების ინსტრუქცია

 

საბორტე ქვები, ეს არის შეზღუდვა, რომელიც აფერხებს ტროტუარის გაშლას. მათ დასაყენებლად მომზადებული ორმოს გასწვრივ კეთდება სიღრმეები, რომელთა ფსკერი მყარდება ღორღით.  ღორღში არსებული  სიცარიელე კი ივსება ქვიშით. შემდეგ კი ღორღზე დონის შესაბამისად იდგმება საბორტე ქვები და ხდება მათი გამყარება ქვიშა-ცემენტის ხსნარით.  ერთდროულად ყველა ბორდიურზე მზა ხსნარის გადასხმა არ არის რეკომენდირებული, რადგან საჭიროა თითოეული გამყარდეს ინდივიდუალურად.

სამუშაოს დასრულების შემდეგ საბორტე ქვის სიმაღლე უნდა იყოს ქვაფენილის ზედაპირის ტოლი ან 10-20მმ-ით დაბალი. სიმაღლე უპირველეს ყოვლისა რეგულირდება ორმოს სიდიდით. ბეტონის სამაგრის გამოშრობას  დაახლოებით ერთი დღე სჭირდება, შემდეგ  ხდება სიღრმეების ამოვსება  მიწით – დონის გასწორებამდე.

 

„ბალიშის“  მომზადების ინსტრუქცია

 

გეოტექსტილზე უნდა დავყაროთ 5 სმ სისქის მსხვილი ფრაქციის ქვიშა. შემდეგ ზედაპირი გავასწოროთ ფორჩხით და წყლით დავასველოთ. იმისთვის, რომ  სამუშაოს შემდეგ ეტაპზე გადავიდეთ საჭიროა წვიმიან ამინდში  ერთი დღე-ღამის მოცდა, ხოლო მზიან ამინდში 2-4 საათიც საკმარისია.

შემდეგ ზედაპირი სწორდება რკინის მილით და ზემოდან ეყრება ღორღის ფენა – სისქით 10 სმ. რის შემდეგ ღორღი იტკეპნება. აქვე აღვნიშნავთ , რომ  არ შეიძლება ღორღის დაყრა უშუალოდ გეოტექსტილზე, რათა არ დავაზიანოთ ის.

ღორღის ზედაპირზე ვაყრით დამატებით 5 სმ ქვიშას, რომელიც ნაწილდება ისე, რომ შეავსოს ყველა ღრუ. ეს ფენა არის საჭირო ღორღის ფენის ამოვსებისთვის და საფუძველის დასაყვანად „ნულოვან“ ნიშნულზე. შემდეგ ზედაპირი კვლავ იტკეპნება, ირწყვება (რის შედეგადაც ქვიშა ნაწილობრივ გაიფანტება ღორღის სიცარიელებში) და სწორდება.

ზემოთ ხსენებული ინსტრუქციით კეთდება იდეალურად სწორი „ბალიში“, რაზეც შეგვიძლია დავაგოთ ფილა.

 

საკუთარი ხელით დაგების ინსტრუქცია

 

როგორ დავაგოთ სწორად ტროტუარის ფილა ქვიშაზე?

იმისათვის, რომ არ ვიაროთ უკვე დატკეპნილ ქვიშაზე ,  ფილა  უნდა დავაგოთ უკნიდან წინ.  დამგები იმყოფება უკვე დაგებულ ზედაპირზე და აგებს ფილას მის წინ, მცირედით ქვიშის საფუძველის ჩაწევით და  დაგებულ ფილაზე წინ გადაადგილებით.

ყველა რიგის ჰორიზონტალურობა უნდა შევამოწმოთ სამშენებლო „დონის“ საზომით და რეზინის ჩაქუჩით.  საჭიროების შემთხვევაში კი ქვიშით ხდება ზედაპირის კორექტირება, მაგალითად:

თუ ფილა არის ზედაპირს აცილებული სხვა ფილასთან შედარებით, მისი გასწორება ხდება რეზინის ჩაქუჩის დარტყმით, ან მის ქვეშ ქვიშის ფენის ამოღებით;

თუ ფილა არის ჩაწეული სხვასთან შედარებით, საჭიროა მისი ამოწევა და „ბალიშის“ ფენის გაზრდა.

ფილის დასაჭრელად გამოიყენება კუთხესახეხი (ე.წ. „ბოლგარკა“), მაგრამ  თუ მოხდა ისე, რომ  ფილა ჩაიჭრა ბოლომდე,   შემდგომში შეიძლება გაჩნდეს ბზარები.  ამიტომ აუცილებელია კუთხესახეხით ფილის მხოლოდ მცირედით ჩაჭრა და შემდეგ  ფრთხილად ჩამოტეხვა.

 

ნაკერის ამოვსების ინსტრუქცია

 

იმისთვის რომ, ფილები არ გადაადგილდნენ ერთმანეთის მიმართულებით, მათ აფიქსირებენ ზედაპირზე ქვიშის მოყრით, რათა შეივსოს ფილებს შორის არსებული ცარიელი სივრცე. ასევე ჯაგრისით ან ცოცხით ხდება ქვიშის თანაბარი გადანაწილება და შემდეგ ზედაპირის მორწყვა. აღნიშნული პროცედურის ჩატარება შეიძლება  პერიოდულად  გახდეს საჭირო: ორჯერ ან სამჯერ, ასევე უხვი  ნალექის შემდეგ.

ზოგჯერ ფილებს შორის არსებულ შუალედებს ავსებენ ქვიშისა და ცემენტის ნარევით, რომელიც შემდეგ ირწყვება რათა ცემენტი უფრო გამყარდეს და ფილები ერთმანეთთან იყოს უკეთესად შეწებებული. მაგრამ გასათვალისწინებელია ისიც, რომ  ამგვარი ხერხი ართულებს წყლის შეღწევას დრენაჟში. აქედან გამომდინარე ამ ხერხის გამოყენება კერძო ტერიტორიაზე და ბილიკებზე არ არის რეკომენდირებული.